არჩილ ბადრიაშვილი მწვერვალ შხელდაზე მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა

არჩილ ბადრიაშვილი შხელდაზე ექსპედიციაში კიდევ სამ მთამსვლელთან ერთად იმყოფებოდა. მათი მონათხრობის თანახმად, 10 აგვისტოს, როდესაც მწვერვალიდან ქვემოთ ეშვებოდნენ, ამინდი გაუარესდა, არჩილთან ახლოს მეხი დაეცა, რის გამოც ის ქედიდან გადავარდა.

ექსპედიციაში მყოფმა მისმა მეგობრებმა იმავე დღეს შეძლეს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შეატყობინეს, რომ გადაუდებელი დახმარება სჭირდებოდათ. მესტიის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივი მთამსვლელები, შხელდას მიმართულებით, შეტყობინების მიღებისთანავე, დაახლოებით 17-18 საათზე გაემგზავრნენ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი სამაშველო ოპერაციაში მხოლოდ მეორე დღეს, 11 აგვისტოს დილით ჩაერთო.

სვანეთის მცხოვრებლები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ითხოვენ განმარტებას,

  • რატომ არ ჩაერთო ვერტმფრენი სამაშველო ოპერაციაში იმავე დღეს, როცა 10 აგვისტოს, საღამოს, შხელდას მიმართულებით ამინდი გაუმჯობესებული იყო;
  • რატომ დააგვიანა ვერტმფრენმა 11 აგვისტოს, დილით სვანეთში ჩაფრენა;
  • რატომ არ იყო ვერტმფრენი უზრუნველყოფილი საჭირო რაოდენობის საწვავით - მას შემდეგ, რაც 11 აგვისტოს, დილით, ექსპედიციის ცოცხლად გადარჩენილი სამი წევრი მესტიაში უვნებლად გადმოიყვანეს, თითქმის ნახევარ დღეზე მეტი ვერტმფრენი გაჩერებული იყო და ის ხეობაში მეორედ მხოლოდ მაშინ შეფრინდა, როცა საავიაციო საწვავით დატვირთული მანქანა სვანეთში ავიდა და მფრინავებმა მარაგი შეივსეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მედიასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 10 აგვისტოს, საღამოს სვანეთში ცუდი ამინდის, (წვიმის და სეტყვის) გამო ფრენა არ შეიძლებოდა, რასაც ადგილობრივი მცხოვრებლები არ ადასტურებენ. მათი თქმით, საღამოს, ვიდრე დაღამდებოდა, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში, აღარ წვიმდა, აღარც ჭექა-ქუხილი იყო და არც ნისლი.

ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ განმარტა, სვანეთში ჩასული ვერტმფრენი, 11 აგვისტოს დილიდან რამდენიმე საათის განმავლობაში რატომ იყო გაჩერებული.

არჩილ ბადრიაშვილს ალპინიზმის სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო აქვს მიღებული. მას, ბაქარ გელაშვილსა და გიორგი ტეფნაძეს 2022 წელს გადასცეს „ოქროს წერაყინი“. ასევე არაერთი ახალი და უკვე არსებული მარშრუტი როგორც საქართველოში ასევე მის საზღვრებს გარეთ.

climbing.ge მწუხარებას გამოთქვამს არჩილ ბადრიაშვილის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს და მეგობრებს.