ცოცვა კაცხში (ჭიათურა)
კაცხი საქართველოს ყველაზე დიდი საცოცი რეგიონია. აქ შეხვდებით სრულიად განსხვავებულ რელიეფს, მრავალფეროვან კლდოვან სექტორებსა და ნებისმიერი სირთულის მარშრუტებს.
კაცხი — სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში, მდინარე კაცხურის ნაპირას, ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მდებარეობს. დასახლება ზღვის დონიდან 610 მეტრზეა, ჭიათურიდან 11 კილომეტრის დაშორებით, ხოლო მისი მოსახლეობა 403 ადამიანს შეადგენს. სოფლის მთავარი ღირსშესანიშნაობაა კაცხის სვეტი — 40 მეტრის სიმაღლის ბუნებრივი კლდოვანი სვეტი, რომლის ზედა ბაქანზეც ორი მცირე ზომის ეკლესია დგას. კაცხი საქართველოში ყველაზე დიდი, მრავალფეროვანი და პოპულარული საცოცი ლოკაციაა. კლდის ხარისხი შესანიშნავია სხვადასხვა სტილის ცოცვისთვის. აქ შეხვდებით განსხვავებულ რელიეფს — როგორც დიდ უარყოფით (overhang) მარშრუტებს, ისე ვერტიკალურ ფილებს (slabs), რაც სპორტსმენებს ტექნიკისა და უნარების მრავალმხრივ განვითარებაში ეხმარება. ასეთი მრავალფეროვნების გამო, რეგიონი თანაბრად საინტერესოა ნებისმიერი დონის მეკლდეურისთვის. კაცხში შეხვდებით როგორც მარტივ, ისე საკმაოდ რთულ პროექტებს — მარშრუტების სირთულე 5a-დან 8b-მდე ვარირებს.
როგორ მივიდეთ
კაცხი დედაქალაქ თბილისიდან დაახლოებით 190 კილომეტრში მდებარეობს (მანქანით მგზავრობას 2–2.5 საათი სჭირდება). ჭიათურიდან სოფლამდე მანძილი 11 კილომეტრია, ხოლო ქუთაისიდან — 70 კმ. მიუხედავად იმისა, რომ მთავარ გზამდე მისვლა მარტივია, კლდეებამდე მისასვლელად სასურველია მაღალი გამავლობის (4x4) ავტომობილით გადაადგილება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი: თბილისიდან ჯერ ჭიათურაში უნდა ჩახვიდეთ. სამარშრუტო ტაქსები რეგულარულად მოძრაობენ დილის 09:00-დან საღამოს 17:00 საათამდე. ჭიათურის ავტოსადგურიდან უნდა გადაჯდეთ ჭიათურა–კაცხის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსზე, რომელიც სოფელ კაცხის მთავარ მოედანზე ჩამოგიყვანთ. გარდა ამისა, ავტოსადგურზე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ტაქსის დაქირავებაც. განთავსება: ღამისთევისთვის სოფელში მოწყობილია მეკლდეურთა 2 ბანაკი (კემპინგი), სადაც შესაძლებელია როგორც შენობაში (ოთახებში) დასვენება, ისე კარვების გაშლა (იხილეთ რუკა).
საუკეთესო დრო
კაცხში ცოცვისთვის საუკეთესო პერიოდია ზამთარი, გაზაფხული და შემოდგომა. ზამთარსა და ადრე გაზაფხულზე ხშირია წვიმა, თუმცა მშრალ და მზიან დღეებში შეძლებთ ისიამოვნოთ ცოცვით გრილ, კომფორტულ ამინდში. ზაფხულში ძირითადად ცხელი ამინდებია, რის გამოც ცოცვა შესაძლებელია მხოლოდ ადრე დილით ან ჩრდილიან სექტორებში.
რა დაგჭირდებათ
- 12 ექსპრესი
- 60m თოკი
- დაცვის ქამარი
- დაცვის სისტემა
- ჩაფხოტი
- საცოცი ფეხსაცმელი (სკალნები) და მაგნეზიის ტომარა
ინფორმაცია
მოგვწერეთ შეტყობინება და ჩვენ მალე გიპასუხებთ.
Guga - Mail: [email protected] Tel: (+995) 557 300 700
Temo - Mail: [email protected] Tel; (+995) 598 45 70 48